
უცვლელი რჩება წესი: ფეხსაცმელი დიდხანს გაგიძლებთ, თუ მას რეგულარულად და სწორად მოუვლით.
ფეხსაცმელი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ, სახლიდან გასვლის წინ კი არ უნდა გაწმინდოთ, არამედ სახლში დაბრუნებისთანავე.
ფეხსაცმელში რომ წყალი არ შეგივიდეთ, ნაკერების გარშემო წაუსვით რამდენიმე ფენა სელის ან აბუსალათინის ზეთი, ან ცვილისა და ცხიმის თანაბარი რაოდენობის ნაზავი. თუ ფეხსაცმელი მაინც დასველდა, მისი გაშრობა რამდენიმე მეთოდით შეიძლება. უკეთესია, თუ დასველებულ ყელიან ფეხსაცმელში კალაპოტს ჩადებთ და ისე გააშრობთ, ან სპეციალურ საშრობში (მისი შეძენა მაღაზიებში შეგიძლიათ). მეორე საშუალებაა – მჭიდროდ ჩატენეთ ფეხსაცმელში დაკუჭული გაზეთი, რომელიც შესანიშნავად იწოვს სისველეს. თუ ქაღალდს რამდენჯერმე შეცვლით, ფეხსაცმელი უფრო მალე გაშრება.
ამას გარდა, ფეხსაცმლის გაშრობა მტვერსასრუტითაც შეიძლება: ამისათვის ჩადეთ ფეხსაცმელში მხოლოდ მისი მილი და ჩართეთ იგი. არასოდეს გააშროთ ფეხსაცმელი (ბავშვისაც) ცეცხლთან ახლოს, ღუმელზე ან ცენტრალური გათბობის ბატარეაზე: მაღალი ტემპერატურისაგან დეფორმირდება ფეხსაცმელი, ელასტიურობას კარგავს ტყავი, ხოლო ძაფები და შემაერთებელი დეტალები იშლება. ასევე სასარგებლოა ფეხსაცმლის დათბილული საფენის ამოღება და გაშრობა რეგულარულად.
და რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი ყოველდღე ფეხსაცმლის მაზით უნდა გაწმინდოთ. იგი აუცილებლად ფეხსაცმლის ფერი უნდა იყოს. უფერო მაზი მხოლოდ ღია ფერის ფეხსაცმლისთვისაა კარგი – მუქი ფეხსაცმელი მისგან სიპრიალეს კარგავს. მაზის წასმიდან 5-10 წუთის შემდეგ ფეხსაცმელი ჯაგრისით გაწმინდეთ. ჯაგრისი ყველა კრემისათვის ცალ-ცალკე უნდა იყოს. მეტი სიპრიალის მისაღწევად გასაპრიალებლად გამოიყენეთ პლუში ან ბარხატის ნაჭერი.
არ გამოიყენოთ ისეთი გამწმენდი და გასათეთრებელი საშუალებები, რომლებიც ფეხსაცმლისათვის არ არის განკუთვნილი. ლაქის ფეხსაცმელი დრო და დრო რძეში დასველებული ნაჭრით გაწმინდეთ. გამქრქალებული ადგილები გაჭრილი ხახვით გაწმინდეთ, ხოლო შემდეგ რბილი, მშრალი ნაჭრით გააპრიალეთ. ლაქის ფეხსაცმელი რომ არ დაიფხაჭნოს, ხანდახან წაუსვით ვაზელინი, გლიცერინი ან აბუსალათინის ზეთი. ველურის ტიპის ტყავისაგან შეკერილი ფეხსაცმელი ყოველდღე რეზინის ჯაგრისით გაწმინდეთ. ასეთი ფეხსაცმლის ფერის გასახალისებლად დრო და დრო გაწმინდეთ რძეში ან ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბით, ხოლო გაშრობის შემდეგ გაწმინდეთ თხელი ზუმფარის ქაღალდით.
თუ ფეტრის ფეხსაცმელები ძალიან ჭუჭყიანია, კარგად გარეცხეთ იგი (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ფეხსაცმელი "დაჯდეს"), ხოლო გაშრობის შემდეგ უხეში ჯაგრისით, ან წვრილ მარცვლიანი ზუმფარით გაწმინდეთ.
ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდა ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი: მისი გაწმენდა შესაძლებელია უხეში ჯაგრისით ან თხელი ზუმფარის ქაღალდით, ასევე ასანთის ახალი კოლოფის ხორკლიანი გვერდებით, მელნის რეზინით და პურის ხმელი ქერქით. ხოლო ყავისფერი: ყავის ნალექში ამოვლებული ჯაგრისით. ზამშის ბუსუსების გასაახლებლად ფეხსაცმელი ცოტა ხნით აორთქლეთ.
თეთრი ტყავის ფეხსაცმელი პოროლონის ღრუბლით ან სარეცხი ფხვნილით გაჯერებულ წყალში დასველებული რბილი ჯაგრისით გარეცხეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით, კარგად გაამშრალეთ და უფერო მაზი წაუსვით.
|